კახა კალაძე: “ქართული ოცნება” ხელახალ არჩევნებს ან რაიმე მსგავსს არ განიხილავს

343

„ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს დიალოგი იმ მოთხოვნის მიხედვით წარმართოს, რასაც ოპოზიცია აყენებს.

„გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე – “ქართული ოცნება” არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს.

არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე “ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ ,,ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარიხსოვნად მიიჩნიოს.

რაც შეეხება დეტალებს: დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.

როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.

მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამოსული ხალხი რუსთაველზე ხმების მოპარვას აპროტესტებს, პარალელურად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის ფასილიტატორობით მიმდინარეობს, უკვე გაიმართა ორი შეხვედრა.