გორში მგზავრების უნებართვო გადაყვანისთვის მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან

646

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის მიხედვით, მძღოლები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა რეგულარულ გადაყვანას უწყების უნებართვოდ განახორციელებენ, დაჯარიმდებიან.

პროექტის ავტორი გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილია.

შესაბამისი დადგენილებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ფაქტი გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად.

აღნიშნული მუხლის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

როგორც ცნობილია, ნებართვა M2 ტიპის ტრანსპორტისთვის 25 ლარია, ხოლო M3 ტიპისთვის 35.მძღოლებმა აღნიშნული თანხა ყოველი თვის 25-დან 30 რიცხვამდე უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტის მიხედვით, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

განმარტებისთვის, M2 კატეგორიას განეკუთვნება ტრანსპორტი, რომლის სრული მასა 5 ტონამდეა; ხოლო M3 კატეგორიას განეკუთვნება ტრანსპორტი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 5 ტონაზე მეტია.

აღნიშნულ პროექტზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 13 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელებს.