თბილისს კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

317

თბილისს კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე დღეში კიდევ ორი საბავშვო ბაღის დასრულებულ შენობებს ჩაიბარებს. ორივე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს ბოლო მითითებები მისცა.

მათივე ცნობთ, გლდანის მე-6 მიკრორაიონში აშენებული N101 ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია, შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი. მოწყობილია, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და გამწვანებული ეზო. პროექტის ღირებულება 2 200 000 ლარია და მას შპს „სეისმომედეგობა +“ ასრულებს.

სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე N164 ბაგა-ბაღში კი კონტრაქტორი კომპანია ბოლო ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს – მიმდინარეობს ეზოს გამწვანება, ატრაქციონების მონტაჟი, ინტერიერის მოხატვა, ავეჯისა და სამზარეულოს ინვენტარის შეტანა. მშენებლობას შპს „ანანა“ აწარმოებს და პროექტის ღირებულება 1 202 731 ლარია.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ვერ დაიწყება და შესაბამისად, ვერც საზეიმო ვითარებაში გავხსნით ამ ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო დაწესებულებებს, თუმცა რამდენიმე დღეში ბაღების სააგენტო ორივე პროექტს დასრულებული სახით ჩაიბარებს, რის შემდეგაც, თბილისში არსებული საბავშვო ბაღების რაოდენობა 185 გახდება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისი მერიის ცნოთბი, ბაგა-ბაღის ორივე შენობა აღჭურვილი და მოწყობილია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დადგენილი ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად – დამონტაჟებულია ვიდეო-სამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, უსაფრთხოების ბადეები და საევაკუაციო კიბეები. შენობა ასევე, ადაპტირებულია შშმ პირთათვის – მოწყობილია პანდუსი და დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი.