„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დინამიურად მიმდინარეობს. მისი შეფასებით, უპრეცედენტო რაოდენობის – 19 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა მოხდა, შესაბამისად, საჩივრების ნაწილი, ალბათ, სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც გაგრძელდება განხილვის პროცესი.
გიორგი ხელაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევებში, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვაზე უარი თქვეს, ამისი სერიოზული მიზეზი არსებობდა, რადგან საჩივრების დიდი ნაწილი პარტიების არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო შეტანილი.
„თავისთავად, ის, რომ ოპოზიციური პარტიები არასწორი პირების საშუალებით წარადგენენ პრეტენზიებს საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მიუთითებს ორიდან ერთ რამეზე: პირველი – მათ სპეციალურად გააკეთეს ეს, რომ ეჩვენებინათ, რამდენი საჩივარია დაწერილი და საოლქო საარჩევნო კომისია თითქოს უარს ამბობს მათ განხილვაზე, ან ეს მოუვიდათ ელემენტარული უცოდინრობით. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს, მათი განხილვა გრძელდება და იმედი გვაქვს, კიდევ მოხდება საჩივრების განხილვა, მათ შორის, უბნების გადათვლის საშუალებითაც. აქედან შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ – გარდა პოლიტიკური ხმაურისა და პოლიტიკური ტემპერატურის აწევისა, რაიმე სერიოზული საფუძველი განცხადებებს მასიური გაყალბების შესახებ არ ჰქონია,“- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.