აი, ფაქტი: 3 791 საარჩევნო უბნიდან ოქმების 26% დარღვევითაა შევსებული

325

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს 93 შესწორების ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შესწორების გარეშეა დარჩენილი.

ეს მონაცემები აი, ფაქტმა იმ შესწორებების მიხედვით დათვალა, რომელიც დაწერილი იყო პირველი ნოემბრის ღამეს ან დილით და რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერდა ხელს. მათ მონაცემებში გათვალისწინებული არაა შესწორების ის ოქმები, რომელიც დაწერილია 2 ნოემბრიდან და რომელსაც მხოლოდ კომისიის მდივანი და თავმჯდომარე აწერენ ხელს.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს – მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად უცხადებენ ბოიკოტს პარლამენტს და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოქმებში აღმოჩენილი მასშტაბური უზუსტობების მიუხედავად, კომისიები მათ მიერ შედგენილ საჩივრებს არ იხილავენ.