თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო ოლქებთან მიმდინარე აქციები რევოლუციური გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა.
“უნდა აღინიშნოს ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნაციონალური შტაბის მხრიდან, – ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ არჩევნების წინ, – რომ იყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა დაძაბულიყო სიტუაცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს. მითითებული იყო პიროვნებები და ოლქები, სადაც პროვოკაციების საფრთხე იყო, რისი მომსწრენიც გავხდით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა წევრს და მხარდამჭერს, რომ ისინი არ აჰყვნენ პროვოკაციას.
ვფიქრობ, ეს არის იმ რევოლუციური გეგმის ნაწილი, რომელიც დაიწერა უკრაინაში, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიერ. ამას არ სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, მოწოდებები კეთდება პირდაპირი ეთერიდან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და ეს ყველაფერი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს განცხადება გავაკეთო. პირველი შემთხვევა არ არის, ყველა არჩევნებისას ხდება და ერთი და იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით. ალბათ, ამის უკან შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი კონკრეტიკა აქვთ,” – განაცხადა კალაძემ ღამის კურიერის ეთერში.