სტრატეგია აღმაშენებელი: ქუთაისის საოლქო კომისია საჩივრების განხილვაზე უარს ამბობს

935

“ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა უვადოდ გადადო,”- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ.

მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დღეს საჩივრების განხილვის ბოლო ვადაა, თუმცა საოლქომ განხილვა გადადო.

“დღეს არის ბოლო ვადა, როდესაც უნდა მოხდეს საჩივრების განხილვა. ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდა საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ დღეს არ არის სხდომა ჩანიშნული. როცა მიზეზი ჰკითხა, უთხრა, რომ პასუხს წერილობით მიიღებდა. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ქუთაისის გარდა, რომ საჩივრები არ განხილულიყო. ჩვენ ამას არ შევეგუებით და მოვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს”,- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია თევდორაძემ.
მისი თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ქუთაისში, სადაც 130 საარჩევნო უბნიდან უმრავლესობის შემაჯამებელი ოქმები არასწორია.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ 6 საჩივარი ჯერ კიდევ განუხილველია, თუმცა, არის თუ არა დღეს სხდომა ჩანიშნული,სადაც მათი განხილვა უნდა მოხდეს, ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ.