ცესკო: გადათვლების შედეგად გაბათილდა 3 გადასატანი ყუთი, 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგი

398

ამ დროისთვის გადათვლა განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში; აქედან 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი ყუთის მონაცემები, 9 შემთხვევაში, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ შემთხვევებში გასწორდა შედეგები. ასევე აღსანიშნავია, რომ 8 შემთხვევში მონაცემები დარჩა უცვლელი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, საჩივრების ნაწილი უფლებამოსილი პირების მიერ არ იყო წარდგენილი.

„შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებს არ ჰქონდათ მათი განხილვის კანონიერი საფუძვლები, თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა რიგ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით მოახდინეს შესაბამისი რეაგირება საჩივრების მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან და უშუალოდ სხდომებზე მიმდინარე მოვლენებს და ობიექტურად შეაფასონ მიმდინარე პროცესები, რაც აგვარიდებს დაუზუსტებელი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.

ამ დროისთვის გადათვლები განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საიდანაც 13-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი გადათვლები შესაბამის განცხადება-საჩივრებზე, ხოლო ორმა საკუთარი ინციატივით. შესაბამისი გადაწყვეტილებებით 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი ყუთის მონაცემები, 9 შემთხვევაში, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ შემთხვევებში გასწორდა შედეგები. ასევე აღსანიშნავია, რომ 8 შემთხვევში მონაცემები დარჩა უცვლელი.

ასევე აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდა როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასე შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები და ზოგიერთ შემთხვევაში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მანვე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის 01-01-18 უბნის გადათვლის შემდეგ უბნის შედეგები უცვლელი დარჩა.

„აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა, მიღებული ბიულეტენების და ხელმოწერების რაოდენობა იყო შეცდომით და განკარგულებით მოხდა მისი გასწორება. ამავე განკარგულებით მოხდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესწორება. ასევე, მაგალითისთვის მინდა წარმოგიდგინოთ ისნის შემთხვევა, სადაც ერთი სპეცუბნის გადასატანი ყუთის შედეგები იქნა გადათვლილი, სადაც მაჟორიტარულ ნაწილში გაბათილდა შედეგები, ხოლო პროპორციულში გასწორდა განკარგულებით. ასევე შეგვიძლია განვიხილოთ დიდუბის შემთხვევა, როდესაც 25-ე საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა და შემაჯამებელ ოქმში შედეგები დარჩა უცვლელი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.