ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა.
რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი, თუმცა, გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებენ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები, სადაც განიხილება განცხადება-საჩივრები კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, მათ შორის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც საარჩევნო უბნის შედეგი დარჩა უცვლელი. გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებელი ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, თუმცა ამ პროცესის შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება. რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი და ჩვენ ხვალ დილით მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას შედეგების შესახებ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საარჩევნო ოლქში განხილვის შედეგების თაობაზე. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.