არჩევნების შედეგს ოპოზიციას არ აღიარებს და აცხადებს, რომ შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია. რომელ საარჩევნო ოლქში გაბათილდა ბიულეტენები და სად დაკმაყოფილდა საჩივრები, მცირე ჩამონათვალი ასეთია, რომელდსაც რეგიონული მედია ავრცელებს:
ქვემო ქართლში, მარნეულის საოლქომ გაყალბებული ოქმი გააბათილა, რის შედეგადაც “ქართულმა ოცნებამ” 300 ხმა დაკარგა, ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ 3 ნოემბერს, N67 უბნის შემაჯამებელ ოქმში ცვლილებების შეტანას დაუჭირა მხარი.
N67 უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამ უბანზე არჩევნებში მონაწილეობა 828 ამომრჩეველმა მიიღო. ხმების ნახევარზე მეტი კი პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მიიღო. პროპორციული სიით, „ქართულმა ოცნებამ“ 462 ხმა აიღო, ხოლო ზაურ დარგალმა 473.
შემაჯამებელი ოქმის მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა ატვირთული. ოქმებს N67 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ახსნა-განმარტებითი ბარათები აქვს დართული რომელთა მიხედვითაც ოქმში, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, ზაურ დარგალსა და „ქართულ ოცნებას“ რეალურ შედეგზე 300-ით მეტი ხმა აქვთ დაწერილი.
რადიო მარნეულის ცნობით, საოლქო კომისიაში N65-ე უბანზე ერთი პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტიც განიხილეს, თუმცა, მარნეულის საოლქომ TI-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სამქმე ეხება, 31 ოქტომბერს ჩატარებულს საპარლამენო არჩევნებს, სადაც მარნეულის N65-ე აღნიშნული ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა შემთხვევა, როდესაც ერთმა პირმა, სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა.
შიდა ქართლში, გორის ოლქში “შესწორებები” 10 უბნის მაჟორიტარულ ოქმში შეიტანეს, – ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები კომისიის წევრებმა 1 ნოემბერს ჩაასწორეს. შესწორებულია 10 მაჟორიტარული ოქმი. ჩასწორებულ ოქმების უმრავლესობაში აღნიშნულია, რომ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა ნაკლებია ბიულეტინების რაოდენობაზე,
მაგალითად, #4 უბანზე, რომელიც ჭალის დასახლებაში იყო გახსნილი, უბანზე მისულ ერთიან ამომრჩეველთა სიაში ახლდა 1 ხელმოწერა. ეს მაშინ შეიტყვეს, როდესაც ბიულეტინები დათვალეს.
#5 უბანზე (მეექვსე საბავშვო ბაღი) – ანალოგიურად უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიაში “დააკლდათ” ერთი ხელმოწერა.
ოქმში ჩაასწორეს #18 უბანზე, რომელიც მეცხრამეტე საბავშვო ბაღშია გახსნილი. აქ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ეწერა 9 ხმა და დაუწერეს 209.
38-ე უბანზე (სოფელი დიცი) შეასწორეს უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. კერძოდ, იყო 398 და ჩაწერეს 394.
52-ე უბანზე (სოფელი კარბი), მისულ ამომრჩეველთა სიის გრაფაში ეწერა 522 და დაწერეს 523.
76-ე უბანზე (სოფელი სათემო) ბათილად წერია 24 ბიულეტინი, ნაცვლად 16-ისა.
80-ე უბანზე (სამუსიკო კოლეჯი) კანდიდატ ოქრუაშვილს ეწერა 15 ხმა, ნაცვლად – 13-ისა.
89-ე უბანზე (სოფელი ზერტი) – კანდიდატ ბოგველს ეწერა 0 ხმა, ნაცვლად 2-ისა; ასევე, ამავე უბანზე მმართველი გუნდის კანდიდატს ეწერა 148 ხმა, ნაცვლად 185 ხმისა.
96-ე უბანზე (მეათე საჯარო სკოლა) – უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიის გრაფაში ეწერა 452 და ჩაასწორეს 456-ით.
107-ე უბანზე (სპეცსია) – ამომრჩეველთა სიის გრაფაში ეწერა 130, ნაცვლად 185-ისა.
რაც შეეხება კახეთს – ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის მეათე ოლქში სულ 24 საჩივარი იყო შესულია და საარჩევნო კომისიამ ეს საჩივრები 3 ნოემბერს განიხილა, საიდანაც მხოლოდ 6 დააკმაყოფილა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, დაკმაყოფილდა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის 49-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივარი, რომელიც გადასატან ყუთს ეხებოდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გადასატანი ყუთით 38 ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს მათი ხელმოწერის გარეშე.
“ასევე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარესა და ორ წევრს საყვედური გამოუცხადეს. სხვა საჩივრები რომელიც დაკმაყოფილდა კომისიის მიერ, ეხებოდა ყვარლის ორ უბანზე ხელმოუწერელ ბიულეტენებს, კაბინაში ამომრჩველის კონვერტით შესვლას და ლაგოდეხის ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის დაულუქავად დაბრუნებას. დანარჩენები, რომლებიც არ დაკმაყოფილდა, ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ეხებოდა, რომელიც მაშინვე გამოსწორდა”,- განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე განიხილეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მერვე და მეცხრე უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი საჩივრები, რომელიც არ დაკმაყოფილდა. რევაზ გაიპარაშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენლები კომისიების თავმჯდომარეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვდნენ.
სამეგრელოში, ზუგდიდის 109 უბანზე სულ 4 344 ბიულეტენია გაბათილებული. მათგან 2 251 პროპორციული სიის ბიულეტენია, 2 093 კი – მაჟორიტარულის. მონაცემები ამის შესახებ საბოლოო ოქმებშია გამოქვეყნებული. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
ზუგდიდის 67-ე საალქო საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული საჩივრები უკვე განიხილა.
კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ჯამში 23 საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე და ამომრჩევლების უფლებების შეზღუდვას ეხებოდა. სხდომაზე 6 საჩივარი განიხილეს, ხოლო კომისიამ 12 საჩივარი განუხილველი დატოვა, ვინაიდან მათზე რეაგირება უბანზევე იყო დაყენებული. განხილული საჩივრებიდან 1 სრულად დაკმაყოფილდა 2 ნაწილობრივ, ხოლო სამი არ დაკმაყოფილდა.
მირანდა მესხის ცნობით, განხილულ საჩივრებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და პირველი ტურის მონაცემები იგივე რჩება, რომლის მიხედვითაც 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა პარტიამ და კანდიდატმა ვერ გადალახა.
იმერეთში, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში სულ 14 საჩივარი შევიდა. მათგან ერთი პროკურატურაში გასაჩივრდა. ჩემი ხარაგაული წერს, რომ ხარაგაულიდან ერთი საჩივარი პროკურატურაში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქეთევან ზუმბაძემ შეიტანა. ის #48.02 პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორის რვეულის მიხედვით ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტების გამოძიებას ითხოვს.