“ევროპული საქართველო” ოქმებში მათ მიერ გამოვლენილი დისბალანსის მაჩვენებლებს აქვეყნებს. მათი დათვლით, მაჟორიტარულ ნაწილში, 3 847 უბნის ოქმებიდან დისბალანსი არის 2007 ოქმში, რაც 52,17%-ია:
“2007 ოქმიდან:
- 125 უბნის ოქმში ხელმოწერების რაოდენობა ნაკლებია ვიდრე ყუთიდან ამოსული ბიულეტენები (სუბიექტის ხმებს + ბათილი);
- 1882 უბნის ოქმში ხელმოწერების რაოდენობა მეტია (კარუსელი);
- 1 ბიულეტენი გატანილია – 573 უბნიდან
- 2 ბიულეტენი გატანილია – 352 უბნიდან;
- 3 ბიულეტენი გატანილია – 249 უბნიდან;
- 4 ბიულეტენი გატანილია – 155 უბნიდან;
- 5 ბიულეტენი გატანილია – 133 უბნიდან;
- 5-ზე მეტი ბიულეტენი გატანილია – 440 უბნიდან.
პარტიის წარმომადგენლებმა, ასევე დათვალეს, რომ პროპორციულ ნაწილში 3 847 უბნის ოქმებიდან, დისბალანსია 1 175 ოქმში, რაც 30,55%-ია.
“ამ ოქმებიდან:
- 206 უბნის ოქმში ხელმოწერების რაოდენობა ნაკლებია ვიდრე ყუთიდან ამოსული ბიულეტენები (სუბიექტის ხმებს + ბათილი);
- 969 უბნის ოქმში ხელმოწერების რაოდენობა მეტია (კარუსელი);
- 1 ბიულეტენი გატანილია – 433 უბნიდან;
- 2 ბიულეტენი გატანილია – 188 უბნიდან;
- 3 ბიულეტენი გატანილია – 79 უბნიდან;
- 3-ზე მეტი ბიულეტენი გატანილია – 269 უბნიდან”, – ამბობენ პარტიაში.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. ორგანიზაცია 117 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს.
თავად ორგანიზაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე დღეს ფორმულაში აცხადებდა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს სავსებით შესაძლებელია გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.
“ეს ხომ მხოლოდ პროპორციული არჩევნები არ იყო, ერთმა, ორმა და ათმა ხმამ, შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს მაჟორიტარი კანდიდატებისთვის. ამიტომაც თითოეული დარღვევის გადათვლა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ოცნების მიერ პირველ ტურში მოგებული მაჟორიტარული ოლქების ნაწილი ძალიან ახლოს იყო 50%-იან ზღვართან. ამან შეიძლება სიტუაცია კარდინალურად შეცვალოს და მეორე ტურები მოიტანს ასეთ ოლქებში.
წელს რა აცდენაც ვნახეთ, [ხმების] მატების ნაწილში, მე არ მახსენდება ბოლო წლებში ასეთი არჩევნები “, – ამბობს სალაძე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით კი, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯამში 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს ოპოზიციაც, მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად უცხადებენ ბოიკოტს პარლამენტს და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.