პეკინის ქუჩაზე ავტომანქანები ცალმხრივად, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

660

პეკინის ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობის ცალმხრივ რეჟიმთან დაკავშირებით, პირველადი გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ეს არ შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, – ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსებისთვის მოძრაობის ორმხრივი რეჟიმი იმოქმედებს. 

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, „ბასლაინის“ საშუალებით, გამოიყოფა ერთი ზოლი, სადაც საწინაარმდეგო მიმართულებით იმოძრავებს როგორც ავტობუსი, ასევე სამარშრუტო ტაქსი. 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი აქვე განმარტავს, რომ თუ ავტომანქანების მოძრაობის ახალი სქემა არ გაამართლებს, გადაწყვეტილება შეიცვლება და პეკინის ქუჩაზე მოძრაობის აქამდე არსებული რეჟიმი ამოქმედდება.

„მსგავსი გადაწყვეტილება მიღებულია დაკვირვებებიდან და მოსახლეობის გამოკითხვიდან გამომდინარე. ჩვენ, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, ვაკვირდებოდით მოძრაობას და მანამდე გვქონდა გაკეთებული მოძრაობის ნაკადების ანალიზი და დღემდე ვაკვირდებით ამ პროცესს. ჩვენ ამას ჯერჯერობით გავაკეთებთ სატესტო რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის აღნიშნული სქემა არ იმუშავებს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას შევცვლით.

ამ კვირის ბოლომდე ვაპირებთ გზის დახაზვას და სრულად მივყვებით ჩვენს გადაწყვეტილებას. პეკინზე ახლაც ცალმხრივია მოძრაობა, თუმცა დაახლოებით 18 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე იმოძრავებს ორმხრივად. 

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ აღნიშნული სქემა არ გაამართლებს, შესაძლებელია, ჩვენ აქამდე არსებულ მოძრაობის სქემაზე გადავიდეთ“, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა. 

წყარო: 1tv.ge