ბაქრაძე: არც ერთ დასკვნაში არ არის მთავარი შეფასება, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, აქცენტია, რომ კონკურენტული იყო, კონკურენტული იყო ბელორუსის არჩევნებიც

420

არც ერთ დასკვნაში არ არის მთავარი შეფასება, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ძირითადი აქცენტია, იმაზე რომ იყო კონკურენტული. კონკურენტული იყო ბელორუსის არჩევნებიც,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირველადი შეფასებები, რომელიც საერთაშრისო დამკვირვებლებმა გააკეთეს, დიდი ალბათობით დამძიმდება.

„რამდენადაც მე მოვასწარი წაკითხვა, არც ერთ დასკვნაში არ არის მთავარი შეფასება, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი, ყველა დასკვნაში ძირითადი აქცენტი არის იმაზე რომ იყო კონკურენტული. დიახ, კონკურენტული იყო, რადგან ოპოზიცია ფიზიკურად ვარსებობთ და ვიბრძოდით. კონკურენტული იყო ბელორუსის არჩევნებიც, მაგალითად, იმიტომ რომ კონკურენტები ჰყავდა ლუკაშენკოს, ამიტომ შეფასება, რომ იყო კონკურენტული, თავისთავად არაფერს ნიშნავს. მილოცვა ქართველი ხალხისთვის, რომ კოვიდის პირობებში გმირობა გამოიჩინეს და ხმები მისცეს და არჩევნებზე მივიდნენ, ეს ხელისუფლების პლუსი არ არის, ამიტომ მთავარი შეფასება ამ დოკუმენტებში, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, არ არის, ყველგან არის საუბარი ძალიან მძიმე პრობლემებზე და ეს შეფასებები კიდევ დამძიმდება, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ ფაქტს მივაწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ის პირველადი შეფასება, რაც გაკეთდა, გაკეთდა ძალიან შეზღუდული ფორმატიდან გამომდინარე. იცით, რომ პანდემიის გამო ძალიან მცირე რაოდენობით დამკვირვებლები იყვნენ, ცოტა ხნით და შეღუდულ ლოკაციებზე, ამიტომ შეფასებები მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ კიდევ დამძიმდება, მაგრამ ამ სახითაც რომ დარჩეს, ვიმეორებ განცხადებაში და შეფასებაში მთავარია იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი და არა ის, იყო თუ არა ის კონკურენტული. კონკურენტული რომ იყო იმიტომ გაყალბდა ზუსტად, რომ წაგების შეეშინდა „ოცნებას“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.