„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ არც ერთ დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიანად.
როგორც კაპანაძე აღნიშნავს, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს წყვეტს ხალხი.
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შეფასება ამ არჩევნებთან მიმართებაში. ჩვენ ვნახეთ ასევე ISFED-ის პარალელური დათვლა, რომელიც ამბობს, რომ არის 4%-ანი აცდენა გამოქვეყნებულ და რეალურ შედეგებს შორის. ვიხილეთ ომბუდსმენის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეს აცდენა არის სერიოზული გავლენის მომხდენი საბოლოო შედეგებზე და რაც მთავარია, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და სამართლიანად. ეს არის მთავარი კრიტერიუმი და მთავარი შეფასება, რომელიც კარგი არჩევნების შემთხვევაში, გვესმის ხოლმე საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შეფასება ამ არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებლისგან არ მიუღია. მეტიც, გუშინ, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხს წყვეტს ხალხი და არა სადამკვირვებლო მისია. მითუმეტეს ის დამაკვირვებლო მისია, რომელიც არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კაპანაძემ.