თამარ ჟვანია განმარტავს, რა შემთხვევაში გადადგება

1011

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ დაუბალანსებელი ოქმების სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოქვეყნებით მიზანმიმიმართული და არასწორი კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“შეცდომები არ არის ახალი და პირველად არ ხდება არჩევნებზე. შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მექანიკური შეცდომა, ასევე, არის ხოლმე, როდესაც არასწორად ივსება ოქმი, თუმცა, ძალიან საოცარი, არასწორი, მიზანმიმართული კამპანიური ხასიათი აქვს იმას, რაც დღეს ხდება — მათ შორის სოციალური ქსელით და მედიით დატრიალებული ოქმები, რომლებიც თითქოსდა გაყალბებულია. ტრიალებს ოქმები, მაგრამ მათთან ერთად არ ტრიალებს შესწორების ოქმები, რომლებიც არის ოქმის სამართლებრივი შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, სოციალურ ქსელებში ასევე ტრიალებს მაჟორიტარული ოქმები, რომელსაც თითქოს ხმები აკლია, მაგრამ სინამდვილეში ისინი გამართულია, ვინაიდან მაჟორიტარულ ნაწილში ზუსტად ის ამომრჩეველი არ მონაწილეობს, ვინც პროპორციულში.

ასევე, ჟვანიამ აღნიშნა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის, რასაც ცესკო აქვეყნებს და თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი,  შემდეგ შეიძლება ისეთ გადაწყვეტილებებზე საუბარი, როგორიც თამარ ჟვანიას გადადგომაა.

“მე მივიღებ ასეთ გადაწყვეტილებას [გადადგომის] თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ”, — განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.