ფული არჩევნებს ვერ იგებს. ასე რომ არ იყოს, მერწმუნეთ, რომ ოქრიაშვილიც და ჩოჩელიც დღეს მაჟორიტარი დეპუტატები იქნებოდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნებზე მოსყიდვის ფაქტების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„რაც შეეხება მოსყიდვას, როდესაც ფულის ჭარბად ხარჯვაზეა საუბარი, შეგიძლიათ მოიკითხოთ მაგალითად რა ხდებოდა ოლქში, რომელსაც ჩვენი მხრიდან გოგი მეშველიანი წარმოადგენდა, ან რა ხდებოდა მცხეთა- მთიანეთში. ფული არჩევნებს ვერ იგებს. ასე რომ არ იყოს, მერწმუნეთ, რომ ოქრიაშვილიც და ჩოჩელიც დღეს მაჟორიტარი დეპუტატები იქნებოდნენ, პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ. ჩვენ დიდ ფულთან მოგვიწია შეჯახება ამ ოლქებში, მაგრამ არჩევნები ვერ მოგვიგეს“,-აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლაზე უარის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა“.
„ყველა დასკვნა საუბრობს, რომ ადამიანებისთვის თავისუფალი საარჩევნო უფლება იყო რეალიზებული და არჩევნები იყო კონკურენტული. ეს ყველაფერი, ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლმაც დაადასტურა. ბუნებრივია, ასეთ დროს, როდესაც კიდევ რაღაცას აპროტესტებ, მთლიანად ხარ ყველანაირი, მათ შორის საკუთარი შექმნილი რეალობისგანაც აცდენილი. აქედან გამომდინარე, ამ დესტრუქციას ბუნებრივია არავითარი საფუძველი არ აქვს.
წინასწარ ვამბობდით, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ, ამ მარცხს არ შეეგუებოდნენ და იქნებოდა დესტრუქციის გარკვეული მცდელობა. მთავარია ის, რომ სიმართლე არის „ქართული ოცნების“ მხარეს, არამარტო არჩევნების თვალსაზრისით, არამედ მთლიანად იმ 8 წლის თვალსაზრისით, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ჩვენ მოვახერხეთ იმ უბედურების შეცვლა, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოაყალიბა“,-განაცხადა კობახიძემ.