თამარ კორძაია: შემაჯამებელი ოქმების შედეგების შესწავლამ დაგვანახა, რომ მდგომარეობა არის რეალურად, უმძიმესი

400

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ლეგიტიმურობა ამ არჩევნების ნამდვილად დგას ეჭვქვეშ, რადგან ის შედეგები, რომელსაც ცესკო და ხელისუფლება აცხადებს, არ ასახავს მოქალაქეების ნებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე მომხდარი ძალიან ბევრი ფაქტი, შეიძლება, იყოს სისხლის სამართლის დანაშაული.

„მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს გარდა იმისა, რომ არჩევნების დღეს ხელისუფლება ძალადობდა, ზეწოლას ახორციელებდა და იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი და კენჭისყრის შედეგების, შემაჯამებელი ოქმების შედეგების შესწავლამ დაგვანახა, რომ მდგომარეობა არის რეალურად უმძიმესი. ამ წუთის მონაცემებით ჩვენი ბლოკის მიერ მომზადებულია 853 საჩივარი. ეს საჩივრები ეხება უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, ბუნებრივია, ამაში შედის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები.

გარდა ამისა, ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემით შედგენილი შემაჯამებელი ოქმები და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება 3,5%-ს, რაც წარმოუდგენელი რაოდენობაა. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ სადაც ამომრჩეველი ზეწოლის გარეშე აძლევს ხმას, იქ სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ზეწოლის გარეშე ატარებს არჩევნებს სხვაობა ბათილ ბიულეტენებს შორის არსებითია.

გარდა ამისა, ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმებიდან 3491 ოქმიდან შესწორების ოქმი შედგა 615 შემთხვევაში, რაც შეადგენს 17,6%-ს. მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმებიდან 3445 შესწორებულია 590 ოქმი, რაც შეადგენს 17,1%-ს. შესწორებული ოქმების გარდა ჩვენს ხელთ არის უამრავი ოქმი, რომელში მონაცემები ერთმანეთს ვერ ედრება. ჩვენ ასევე გვაქვს უმძიმესი ოქმები, რომლებსაც ხვალ საბოლოოდ შევატყობინებთ საზოგადოებას.

იმ ვითარებაში, როდესაც არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო, ძალიან რთულია სამართლიანობაზე საუბარი, თუმცა ჩვენ, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო ჩვენი მონაცემები საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი კენჭისყრა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.