ლომჯარია: დარღვევის ის მასშტაბი, რაზეც ISFED საუბრობს, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე

369

სახალხო დამცველი ამბობს, რომ გავლენის ის მასშტაბი, რაზეც ISFED ლაპარაკობს, არჩევნების შედეგებზე გავლენას ახდენს – სამართლიანი არჩევნების განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ის ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა, რამაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს არაუმეტეს 4,1%-ისა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, რომელიც უბნების 8%-თან დაკავშირებით არსებობს.

“ყველაზე საინტერესო იყო სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომლის თანახმადაც, უბნების 8%-ის შემთხვევებში შემაჯამებელ ოლქებში ბალანსი არ ჯდება და არ ჯდება იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში, ვიდრე მისული ამომრჩევლების რაოდენობა იყო, ანუ ხელმოწერების რაოდენობა სიაში.

აუცილებლად ამ საკითხებს მათ [ცესკომ] უნდა გასცენ დასაბუთებული პასუხი.

დარღვევების ის მასშტაბი, რაზეც სამართლიანი არჩევნები ლაპარაკობს, ნამდვილად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე და ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს დატოვებს პროცესის სამართლიანობის მიმართ”. – თქვა ლომჯარიამ მთავარი არხის ეთერში.

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები’, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.

ISFED-ის განცხადებით, საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა გამოვლინდა. სამართლიანი არჩევნები ამბობს, რომ პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული  მხარე – საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.