ჯაფარიძე: ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია

319

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოძიებას აგრძელებენ, თუმცა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წლევანდელ არჩევნებს ბევრი სადამკვირვებლო მისია ვერ დააკვირდა, რაც “გამყალბებლებისთვის წამახალისებელი ფაქტორი იყო”.

“ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ეუთო აგროვებს დამატებით ინფორმაციას დარღვევების შესახებ. გუშინ იყო წინასწარი შეფასება, იქნება მათი მხრიდან შეხვედრები დამკვირვებლებთან. წლევანდელი არჩევნები, სამწუხაროდ, იყო გამორჩეული იმის გამო, რომ ჩვენ გვყავდა ძალიან ცოტა დამკვირვებელი და ეს იყო წამახალისებელი ფაქტორი გამყალბებლებისთვის. ამან, ჩემი აზრით, ბევრად შეუწყო ხელი გაყალბებას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.