“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, გადაცემაში “კომენტარი” 31 ოქტომბერს საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საარჩევნო ოქმებში დისბალანსია.
ვაშაძის თქმით, არჩევნებში მასიური ხასიათი ჰქონდა ე.წ კარუსელებს და დარღვევებს. როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, პარტიამ საჩივრები შეიმუშავა და ისინი საჩივრებს დიპლომატიურ კორპუსსაც მიაწვდიან.
“ყველა ოქმში არის დისბალანსი, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ნაკლები არის ბიულეტენების რაოდენობა. მაგალითად, ისნის რაიონის 80% შემთხვევაში უფრო ცოტა ბიულეტენი არის საარჩევნო ურნაში, ვიდრე გასცა კომისიებმა.
ეს რას ნიშნავს, რომ მასიური ხასიათი ჰქონდა კარუსელებს, მასიური ხასიათი ჰქონდა დარღვევას. როგორც ჩანს ზენიტში აიყვანა ქართულმა ოცნებამ კარუსელების სისტემა და გაყალბება. ასევე მცხეთიდან მოგვივიდა ოქმი, კოვიდუბანზე 600-ზე მეტი ხმა აქვს მიღებული ქართულ ოცნებას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს თითო ხმა. საკმაოდ ბევრი საჩივარი შემუშავდება, რომელსაც აუცილებლად დიპლომატიურ კორპუსსაც მივაწვდით”,- ამბობს ვაშაძე.
ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები თითქმის იდენტურია. თუმცა, გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ გაყალბებული ოქმები 8%-მდე უბნებში გაყალბდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.