მდინარაძე: ოცნებას უკვე აქვს 76 მანდატი, ასეც ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას

398

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ცესკოს შედეგების მიხედვით, ქართულ ოცნებას უკვე აქვს 76 მანდატი, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ცნონ პარლამენტის უფლებამოსილება.

მისი თქმით, სამწუხარო იქნება, თუ ოპოზიციის დეპუტატები, რომლებსაც მანდატები ერგებათ, ამაზე უარს იტყვიან.

“პარლამენტი უფლებამოსილია, შეკრებისთანავე, თუ მას ესწრება მისი სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი, რომელიც, I ტურის შედეგების გათვალისწინებთ, ქართულ ოცნებას აქვს და ეს შედეგი ბუნებრივია გაუმჯობესდება და გადააჭარბებს 92-ს.

მაგრამ უამისოდაც, პარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობას შეუძლია, ცნოს პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის უფლებამოსილება. ჩვენ ვცნობთ მთლიანი შემადგენლობის უფლებამოსილებას და დანარჩენი მერე მათზეა დამოკიდებული. თუ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არის ძალიან სამწუხარო. ეს არ უნდა დაუშვან არც მათ და არც ქართულმა საზოგადოებამ. ისინი ვალდებული არიან, პატივი სცენ იმ ამომრჩევლის ნებას, რომელიც გამოხატეს მათმა ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთთან”. – თქვა მდინარაძემ.

31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, მისი შედეგების გაუქმებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციასაც მართავენ და აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, უბნების 8%-ზე იყო ოქმების დისბალანსი, რაც ნიშნავს, რომ ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვეოდა ოქმში მითითებულ რიცხვს. ორგანიზაციის განცხადებით, გაყალბდა არაუმეტეს 4,1%-ისა.