ჟვანია: გაყალბებაზე ბრალდებები აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა

294

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებას საარჩევნო სუბიექტების დიდ რაოდენობას და მაღალ აქტივობას უკავშირებს.

“ყველა სუბიექტის შედეგს სჭირდება ძალიან ზუსტი და ფრთხილი დამუშავება, რომ მოხდეს მათი შედეგების შეყვანა”. – თქვა ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების გამოქვეყნების გაჭიანურებისთვის საია-მ გააკრიტიკა და მიუთითა, რომ საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა კი საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება.

საია ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა.

რაც შეეხება ბრალდებებს საარჩევნო ოქმების გაყალბების შესახებ – ჟვანია ამას “არასერიოზულს და აბსოლუტურ აბსურდს” უწოდებს.

“ეს ოქმები საარჩევნო უბანზე გაიცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირზე. თითოეულ მათგანს აქვს უბნიდან წაღებული შემაჯამებელი ოქმი. მათ აბსოლუტურად ზუსტად შეუძლიათ აიღონ და მათ ხელთ არსებული ოქმები ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულს შეადარონ. ის, რომ ვიღაცა რაღაცას ცვლის, არის აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასება, რომელიც დიდი ხანია, განვითარებულ საქართველოს თავისი ისტორიიდან აქვს წაშლილი. ცენტრალური საარჩევნო კომისია ემსახურება ხალხს და არ მოემსახურება არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს”. – თქვა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ახსენდება წინა არჩევნები, როცა “იგივე პოლიტიკური სუბიექტები ბრალს სდებდნენ არჩევნების შედეგების შეცვლაში, მაგრამ მათივე დათვლილი შედეგები იყო ერთი-ერთში იგივე”.

ჟვანია აცხადებს, რომ სპეციალურ, ე.წ კოვიდ უბნებზე ამომრჩევლების ნაწილს ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ პროპორციული სიისთვის ჰქონდა და მაჟორიტარისთვის არა, სწორედ ამიტომ არ ემთხვევა ერთმანეთს ამა თუ იმ ოქმში მაჟორიტარების და პარტიების ხმის მიცემის რაოდენობა და არა იმიტომ, რომ ის გაყალბებულია.

დილის 9 საათისთვის ცესკომ ხმების 66.44% დათვალა.

შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 48,8% მიიღო, ენმ-მ – 26,7%, ევროპულმა საქართველომ – 3,79; გირჩმა – 2,99%, სტრატეგია აღმაშენებელმა – 3,19%; პატრიოტთა ალიანსმა – 3,23%; ლელომ – 3,23%.

სავარაუდოდ, მეორე ტური თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში ტარდება.

ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და 16:00 საათზე აქციას აანონსებს.