შედეგების გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზად ჟვანია საარჩევნო სუბიექტების სიმრავლეს ასახელებს

315

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე იმაზე ორჯერ მეტი საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს, ვიდრე შარშან და ამ მონაცემებს სჭირდება “ფრთხილი” დამუშავება. ამ ფორმით განმარტა მან უბნებზე ოქმების გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი.

“მე არაერთხელ აღვნიშნე, ბიულეტენების და მაღალი მონაწილეობის თვალსაზრისით, საკმარისი დრო სჭირდება ამ პროცესს, რომ დამუშავდეს ასპექტები. კიდევ ერთი ხაზი მინდა გავუსვა, ამ არჩევნებზე, ისე, როგორც არასდროს, პირველად გვაქვს ისეთი მაღალი ოდენობის კანდიდატები ბიულეტენში, მე ვგულისხმობ პროპორციული საარჩევნო სისტემის ბიულეტენს, როდესაც, პირველად, შეიძლება ითქვას ბოლო წლების განმავლობაში გვყავს ასეთი მაღალი რაოდენობის კანდიდატები, ეს არის 50 საარჩევნო სუბიექტი და ეს არის პრაქტიკულად ორმაგი რაოდენობა, რაც იყო წინა არჩევნებზე”, — განაცხადა მან.

პირველი ნოემბრის 03:30-ზე ცესკოს უბნების 28,02% ჰქონდა დათვლილი. დილის 7:40 მონაცემებით კი დათვლილია 52,59%.

ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ხვალ, 16:00 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც გაჟღერდება მათი გეგმებისა და მოთხოვნების შესახებ.