ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულ შემაჯამებელ ოქმებში, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუსაბამობებია – ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა ათეულობით აღემატება ბათილი ბიულეტენებისას და სუბიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობის ჯამს.
მას შემდეგ, რაც მედიაში მრავალი ასეთი ოქმი გავრცელდა და ამაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიუთითეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუსაბამობები იმით განმარტა, რომ ამომრჩეველთა ნაწილი მხოლოდ პროპორციული წესით აძლევდა ხმას.
“სპეციალურ უბნებზე რიგი ამომრჩევლის შემთხვევებში ამომრჩევლებს არ ჰქონდათ მაჟორიტარული, ან სხვა წესით ხმის მიცემის უფლება. სხვაობა გამოწვეულია ბუნებრივად, რადგანაც ძალიან ხშირ შემთხვევაში, ამომრჩეველი რომელიც შეყვანილია სიაში, ის არ არის იმავე მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი, შესაბამისად, ხმას აძლევს მხოლოდ პროპორციული და არა მაჟორიტარული წესით. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში ხელმოწერების რაოდენობა მეტია”, – ამბობენ ცესკოში და აქვე აღნიშნავენ, რომ საბოლოოდ, მონაცემები სრულად დამუშავდება და აიტვირთება შესწორებული ოქმების სახით.
ცესკოს ვებგვერდზე შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად იტვირთება. მაგალითისთვის, #1 მთაწმინდის ოლქის ერთ-ერთ ოქმში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაა 36, ხოლო შალვა შავგულიძეს აქვს 6 ხმა, ბექა ოდიშარიას კი 11 ხმა.
ასევე, #6 დიდუბის ოლქის ერთ-ერთ ოქმში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაა 56, აქედან, ზურაბ ჯაფარიძეს აქვს 1 ხმა, გია ვოლსკის 8 ხმა, ანა დოლიძეს კი 1 ხმა.
მსგავსი სურათია ვაკის ოლქის ატვირთულ ზოგიერთ ოქმშიც, სადაც მაგალითად, ერთ-ერთში ამომრჩეველთა რაოდენობაა 68, აქედან, ელენე ხოშტარიას მიღებული აქვს 8 ხმა, ნოდარ ტურძელაძეს 16 ხმა, ლევან კობერიძეს 3 ხმა, ბიძინა გეგიძეს კი 1 ხმა.