ლომჯარია: ეს არჩევნები იქნება წინა არჩევნებთან შედარებით ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ, გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი

675

დარწმუნებული ვარ, გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო სასურველი საქართველოს ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ეს არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

“მე მინდა მაინც პოზიტივით დავიწყო, მიუხედავად იმისა, თუ რა ნეგატივი ახლდა წინასაარჩევნო პერიოდს თუ ამ არჩევნების დღეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ რა ზუსტი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი არჩევნები, ნამდვილად ეს არჩევნები იქნება წინა არჩევნებთან შედარებით ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო სასურველი საქართველოს ამომრჩევლისთვის და ასევე გვექნება მინიმალურად დაკარგული ხმების რაოდენობა,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარია საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე მიმდებარე პროცესებსაც აფასებს და ამბობს, რომ ამ მხრივ პოლიტიკური კულტურა 2020 წლის არჩევნებზეც არ შეცვლილა.

“რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ, ჩემი დაკვირვებით პოლიტიკური კულტურა დიდად არ შეცვლილა, იმიტომ, რომ მე რასაც ვხედავდი, ფაქტია, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარი რესურსისა და შესაძლებლობების პროპორციულად, სამწუხაროდ, იყენებდნენ ისეთ საშუალებებს ამომრჩევლების მობილიზებისთვის, მათზე ზეგავლენის მოსახდენად, რაც დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში ძალიან ცუდად ჩანს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჩემთვის ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გავავრცელებთ განცხადებასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მოვუწოდებთ, რომ სპეციალური მუხლით დაიწყოს ყველა შემთხვევაში გამოძიება,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.