გონიოს 91-ე საარჩევნო უბანზე ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენას ხმაური მოჰყვა

411

გონიოს 91-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენას მოჰყვა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.

„ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების განცხადებით, საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებიც კრიმინალურ წარსულთან არიან კავშირში.

თავის მხრივ, ეს მოქალაქეები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბანთან ლევან ვარშალომიძესა და მურმან დუმბაძეს არ აქვთ მისვლის უფლება, რადგან მათ მმართველობის სისხლიანი წარსული აქვთ.

91-ე საარჩევნო უბანთან იმყოფებიან სამართალდამცველებიც. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი აცხადებს, ინციდენტი განმუხტულია და მომხდარის გამო არავინ არ არის დაკავებული.

91-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ჩვეულებრივ მიმდინარეობს. თუმცა ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე საარჩევნო უბანზე აღარ იმყოფებიან.

ოპოზიციის წევრები პროვოკაციის მოწყობაში „ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, „ქართული ოცნება” საარჩევნო უბნებზე კრიმინალური წარსულის მქონე პირების და სპორტსმენების მობილიზებას ახდენენ.