“არც შენიშვნას დაგაწერინებთ, არც საჩივარს” – საჩხერის საარჩევნო უბნის წარმომადგენლები დამკვირვებლებს

356

საჩხერის სოფელ კორბოულის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა Gmc-ის დამკვირვებელს საჩივრის დაწერის საშუალება არ მისცეს და დაემუქრნენ, რომ უბნიდან კომისიისთვის ხელისშეშლის ბრალდებით გააგდებდნენ. ვიდეო მტკიცებულებას, “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი – Gmc” აქვეყნებს.

მართველობის მონიტორინგის ცენტრის თქმით, კორბოულის საოლქო წარმომადგენელი მათ დამკვირვებელს და მობილურ ჯგუფს ეუბნებოდა, რომ საარჩევნო ოლქში დარღვევების გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა: “არც შენიშნვას არ დაგაწერინებთ, არც საჩივარს”.

“საჩხერის 20.50.19 უბანზე (სოფელი კორბოული) ჩვენი დამკვირვებელი დარღვევებს აღრიცხავდა. კომისიის წევრები გაღიზიანდნენ და საჩივრის დაწერის საშუალებას არ აძლევდნენ დამკვირვებელს. მას დაემუქრნენ, რომ უბნიდან გააგდებდნენ კომისიისთვის ხელისშეშლის საფუძვლით.

ადგილზე აღმოჩნდა საოლქოს წარმომადგენელიც, რომელიც ჩვენს დამკვირვებელს და ჩვენს მობილურ ჯგუფს დასცინოდა, რომ საარჩევნო ოლქში გასაჩივრებაც უიმედოა. მიანიშნებდა, რომ ის გადაწყვეტდა მაინც,”- წერია ფეისბუქ პოსტსში, რომელსაც ორგანიზაცია თავად ავრცელებს.

დამკვირვებელს საჩივრის დაწერა სურდა იმაზე, რომ ნაკადის მომწესრიგებელი, კორბოულის საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მოხსნას არ სთხოვდა.