თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში პროვოკაცია ე.წ. კრიმინალურმა ავოტრიტეტმა “ჭყიპინამ” მოაწყო. კალაძემ აღნიშნა, რომ “რევოლუციური შტაბის” წევრები უბნებზე “პისტოლეტებით დარბოდნენ” და ყველას ახსენებდნენ წინა ხელისუფლებაში ჩამოყალიბებულ საარჩევნო პრაქტიკას.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებების შესახებ ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია ჰქონდათ, რაც დადასტურდა კიდეც.
“„დღეს ამ შტაბის წევრები პისტოლეტებით შეიარაღებულები დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაფრთხილეთ მედია, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ასევე, გავაფრთხილეთ ყველა, იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე რაიონი, მათ შორის, ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით, მათი ზონდერების კონცენტრაცია და პროვოკაციები ძირითადად ამ რაიონებში ფიქსირდება. ზემოხსენებული გეგემის შესაბამისად ინციდენტი დაფიქსირდა გლდანში, სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მეტსახელად ჭყიპინამ მძიმე პროვოკაცია მოაწყო.
ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები ერთი დღე გრძელდება. დღეს საღამოს დაფიქსირდება ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში. მე ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის მხარდაჭერა და აქტივობა, რომელიც დღეს არის საარჩევნო უბნებზე. მინდა მივმართო ყველას ვინც ახორციელდებდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე, ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია და აღარ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ დაპირისპირება მოხდა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო უბანთან სროლის შესახებაც.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. იგი სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.