ოზურგეთის N1 საუბნო საარჩევნო კომისიასთან მმართველი პარტიის ე.წ. აგიტატორები იდგნენ სიებით ხელში და საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. მათი განცხადებით ისინი კანონს არ არღვევენ და თავისუფლად შეუძლიათ ,,მათი” ამომრჩეველი რვეულში სახელობით აღრიცხონ. ანალოგიური სიტუაცია იყო ოზურგეთის N3 საუბნო საარჩევნო უბნის ეზოშიც. ტელეკამერების გამოჩენის შემდეგ, მათ აღნიშნული სიები შეინახეს და უბნის პერიმეტრი დატოვეს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ღლონტმა გვითხრა, მათ აგიტატორებს შენიშვნა მისცეს და მიუთითეს, რომ კანონს არღვევენ და მსგავსი ქმედება უბანთან ყოვლად დაუშვებელია. ოზურგეთის N60 საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციიდან შემოსულია საჩივარი სოფელ მერიაში საარჩევნო სიებით მდგარ მმართველი პარტიის ე.წ. აგიტატორებთან დაკავშირებით, რაც ლომიძისავე თქმით კანონდარღვევა არაა, რადგანაც აღნიშნული სიები სამაგიდო არ არის.
ვიდეოს “გურიაtv” ავრცელებს.