თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად, 20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოებში გზის საფარის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
გლდანის რაიონში მდებარე N190-ე საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში, გარდა საგზაო სამუშაოებისა, შეიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. უწყების ინფორმაციით, დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ბაღს წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, რადგან ნალექიანი ამინდის დროს, ფაქტობრივად, ეზოში გადაადგილება შეუძლებელი ხდებოდა.
ასევე მძიმე მდგომარეობა იყო N186-ე საჯარო ბაგა-ბაღში, სადაც ამჟამად კანალიზაციის ქსელი იცვლება. კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის მოწყობის სამუშაოს დაიწყებს, – აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
გლდანის რაიონის გარდა, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის, ისნის, სამგორისა და დიდუბის რაიონების ბაღებშიც.