კარლ ჰარცელი: პარტიის ლიდერებს მოვუწოდებდი, დარწმუნდნენ, რომ არჩევნების კარგად ჩატარებისთვის მათი აქტივისტები უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს იცავენ

301
ევროკავშირის ელჩი

დღევანდელი ამინდის შემხედვარეს იმედი მაქვს, რომ არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება, რომელიც მსუბუქი და სასიამოვნოა – არც მეტისმეტად ცხელი, არც მეტისმეტად ცივი, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი, 2020 წლის არჩევნების დღე დიდი დღეა.

„მე, როგორც ბევრი, დღის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებ, რათა ვიხილო, თუ როგორ ჩაივლის ყველაფერი. ეს არის მომენტი, რომელიც ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია – ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიან, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, თუ ვინ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საარჩევნო უბანზე შესვლა საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს მნიშვნელოვანი მომენტია. როცა აქ მოვდიოდი, დღევანდელი ამინდის შემხედვარეს იმედი მქონდა, რომ არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება, რომელიც მსუბუქი და სასიამოვნოა – არც მეტისმეტად ცხელი და არც მეტისმეტად ცივი. მიხარია, რომ აქ ვარ, ეს არაჩვეულებრივი მომენტია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმის ნახვითაც, თუ უკვე რამდენი ადამიანია ხმის მისაცემად მოსული ამ საარჩევნო უბანზე. დღის განმავლობაში სხვა საარჩევნო უბნებსაც ვეწვევი, მექნება შეხვედრები მნიშვნელოვან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ისევე, როგორც ცესკოსთან და ეუთო/ODIHR-თან. ასე რომ, საინტერესო იქნება, იმედიანად ვართ, რომ იქნება შესაძლებლობა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და საკუთარი არჩევნები უსაფრთხოდ დააფიქსიროს, ყველანაირი რისკის გარეშე, – კოვიდ სიტუაციას ვგულისხმობ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ის ამ მომენტში ცდილობს, ნებისმიერ კომენტართან დაკავშირებით დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს.

„აქ ინფორმაციის შესაგროვებლად ვარ. როგორც იცით, დღეს ქვეყნის გარშემო ევროკავშირის 70 დიპლომატიური სადამკვირვებლო გუნდი გვყავს, ვინც არჩევნების დღესთან დაკავშირებით უფრო ყოვლისმომცველ ინფორმაციას შეაგროვებს. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ საერთო ძალისხმევას დავუჭიროთ მხარი, განსაკუთრებით, დავეხმაროთ ეუთო/ODIHR-ის მისიას, რათა მან რაც შეიძლება, მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაციის თავმოყრა მოახერხოს. ხვალ კი უკვე შეფასებები გაკეთდება, პირველ რიგში, სწორედ ODIHR-ის მისიის მიერ, მაგრამ ასევე, სხვების მხრიდანაც“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ევროკავშირის ელჩმა საარჩევნო გარემოსა და საფრთხეების შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რისი ხილვის იმედიც გვაქვს და რასაც დღეს ამომრჩევლები უნდა ელოდონ: ის, რომ ისინი საარჩევნო უბანზე მივლენ, რომელიც დაშინებისგან და ა.შ. თავისუფალია; ამასთანავე, იმ გარემოში ხმის მიცემას, სადაც არ იქნება ძალადობა ან ესკალაცია რაიმე ფორმით. რა თქმა უნდა, ეს ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა. როგორც ორი დღის წინ დავდე პირობა, ყველა პარტიის ლიდერებს მოვუწოდებდი, რომ ისინი დარწმუნდნენ, დღეს არჩევნების კარგად ჩატარებისთვის მათივე საკუთარი აქტივისტები და მხარდამჭერები უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს იცავენ“, – განაცხადა ჰარცელმა.