სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის 127 კოვიდუბანია შექმნილი

445

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 845 მოქალაქე ე.წ. კოვიდ სპეცსიებშია.

კოვიდპანდემიის გამო, თვითიზოლაციაში, საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლისთვის გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შესაძლებლობის მისაცემად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური სიები შექმნა. სპეციალურ სიაში მოხვდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცხელი ხაზის მეშვეობით მიმართეს, რომ  თვითიზოლაციაში, საკარანტინო და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის მიუხედავად, მათ სურდათ კონსტიტუციური ხმის უფლებით სარგებლობა.

სპეციალურ სიაში მყოფი ამომრჩევლის მომსახურების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური 127 კოვიდუბანი შექმნა. კოვიდუბნებში შეიქმნა სპეცუბნები, რომლებიც არანაკლებ 12 წევრისგან დაკომპლექტდა. სპეციალურ საარჩევნო უბანზე არის ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი.

სპეციალური უბნები იხსნება კენჭისყრის დღეს შვიდ საათზე, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება რვა საათიდან, სრულდება საღამოს რვაზე. გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს საღამოს ცხრა საათისა.

სპეცჯგუფის თავმჯდომარე სპეცჯგუფის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეცჯგუფს, არაუმეტეს 2-2 წევრს, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. საარჩევნო ყუთის წამღები  სპეცჯგუფის წევრის ფუნქცია არ უნდა დაეკისროს ერთი და იმავე პარტიის წევრებს. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირების მიმართ, მარკირება არ გამოიყენება.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები აღჭურვილი უნდა იყვნენ და უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანები, ხელის სადეზინფექციო ხსნარი და სხვა). გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები არ უნდა შევიდნენ ამომრჩევლის ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში; ადგილზე მისვლისთანავე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, ბინის/სახლის/ოთახის/ნომრის კარის სახელური და სხვა შეხებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

ამომრჩეველზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა უნდა მოხდეს კონტაქტის გარეშე (მაგალითად, კარის სახელურზე ან ნებისმიერ ზედაპირზე, ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში შესვლის გარეშე) და დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია 1,5-2 მეტრის დაშორებით;

საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მისაღებად, ამომრჩეველმა სპეცჯგუფის წევრს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა წარუდგინოს კონტაქტის გარეშე, იმგვარი  ფორმით (ჩვენება, გადაფურცვლა და სხვა), რომ სპეცჯგუფის წევრის მიერ შესაძლებელი იყოს მონაცემების წაკითხვა და ფოტოს მიხედვით იდენტიფიცირება;

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებმა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი უნდა გასცენ მხოლოდ პირბადის გამოყენებისა და ხელების  ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავების შემდეგ;

ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ სპეცჯგუფის წევრის მიერ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას. ამომრჩეველთა სპეცჯგუფის წევრი ვალდებულია, ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. პირბადის მოხსნისას ამომრჩეველსა და სპეცჯგუფის წევრს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია არანაკლებ 1,5 მეტრი, რისი განმარტებაც უნდა მოხდეს წინასწარ ან ადგილზე. ხმის მიცემისას ამომრჩეველს უნდა მიეწოდოს პირბადე (არქონის შემთხვევაში);

ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. სპეცჯგუფის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს მისთვის განკუთვნილი კალმისტრით და ამავე კალმისტარით ისარგებლოს საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას;

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება უნდა მოხდეს ბინის (სახლის) შესასვლელთან განთავსებულ გადასატან საარჩევნო ყუთში. საარჩევნო ბიულეტენის მიღების დამადასტურებელი ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სია უნდა მოთავსდეს სათანადოდ მისთვის განკუთვნილ ყუთში/ჩანთაში. გადასატან საარჩევნო ყუთი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს ხელების დაბანა და სადეზინფენქციო ხსნარით დამუშავება;

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების დეზინფენქცია.

ხმის დათვლა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა დაიწყება მას შემდეგ, რაც ყველა გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდება საარჩევნო უბანზე. გადასატანი ყუთებში მოთავსებული ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ერთი საარჩევნო უბნის ყველა გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები ფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით. კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე, შედგება შესაბამისი ოქმი/ოქმები, რომლის ფოტოასლის დაუყოვნებლივ იგზავნება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

სპეცუბნებში სპეცჯგუფებმა უნდა იმუშაონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა პერიოდულად უნდა შეცვალონ პირბადე და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ. დღეში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს სპეცჯგუფის განთავსების ოთახებში განიავება/ბუნებრივი ვენტილაცია.