31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტაცია გავლილი აქვს 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ინფორმაციით, საერთაშორისო მონიტორებიდან აკრედიტაცია მიღებული აქვთ ეუთო/ოდირი-ს (ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი) სადამკვირვებლო მისიას, ასევე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საქართველოს მისიასა და „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისს. საერთაშორისო დამკვირვებელთა სიაშია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. აკრედიტაცია მიღებული აქვს „ევროპულ დემოკრატიული პარტიასა“ და „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციას“ (GUAM).
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების განაცხადი გაკეთებული აქვს რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საპარლამენტო დელეგაციებს. მათ შორის არიან ალბანეთის, ბულგარეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობები. ასევე პოლონეთის სეიმის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის, პოლონეთის სენატისა და უკრაინის უმაღლესი რადას დელეგაციები.
საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებიც. ამერიკის , გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთი, იტალიის, საბერძნეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიის, ავსტრიის, პოლონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, იაპონიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, უკვე ცნობილია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია, რომ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ისინი საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისი აკრედიტაცია 120 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას აქვს მიღებული.