აზერბაიჯანსა და სალონიკში საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები არ გაიხსნება

354

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ცესკოს ინფორმაციით, სალონიკში 2 უბანი გაუქმდა და იქ არჩევნები ვერ ჩატარდება. ათენში კი, საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას სამ უბანზე ჩვეულებრივ შეძლებენ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები ვერც იქ ჩატარდება.

„არჩევნები საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში 52 უბანზე ჩატარდება, მათ შორის ავღანეთში ორ უბანზე“, – აღნიშნეს ცესკოში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საბერძნეთსა და აზერბაიჯანში არჩევნები ვერ ჩატარდება. ამის მიზეზად პრემიერმა ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაასახელა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანების შემთხვევაში მათი კონსტიტუციური უფლება დაცული ყოფილიყო, თუმცა ისინი სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ან სურვილი, არ მოქმედებს.

„არ შეგვიძლია თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში და საბერძნეთში გადაწყვეტილება მიღებულია და იქ არჩევნები ვერ ტარდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.