“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რაც იმის გარანტია, რომ არჩევნებზე გაყალბება ვერ მოხდება.
როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სენატორ ჯიმ რიშის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილი მაინც ეცდება არჩევნების გაყალბებას, საერთაშორისო საზოგადოების უმძიმეს რეაქციას მიიღებს.
“ჩვენი პარტნიორები ძალიან დაკვირვებით არიან ჩართულები ამ არჩევნებში. აკვირდებიან, ყურადღებას აქცევენ ჩვენთან მიმდინარე პროცესებს. ის განცხადებები, რომელიც გვესმის ამერიკელი სენატორებისგან, კონგრესმენებისგან, ევროპარლამენტარებისგან უმაღლესი წარმომადგენლებისგან, არის დადასტურება, რომ მათ აღელვებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ეს არის გარანტი იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი, პოლიტიკური პარტიების ძალისხმევასთან ერთად, ამ არჩევნებზე გაყალბება ვერ მოხდება, რაც არ უნდა ეცადოს ამას ივანიშვილი. თუ ის მაინც ამ გზით წავა, მიიღებს უმძიმეს საერთაშორისო რეაქციას”,- განაცხადა კაპანაძემ.
შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა. როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან შეკითხვის პასუხად განაცხადა, ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.