დღეს, 29 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი კუბლაშვილმა კანდიდატურა მოიხსნა. ამის მიზეზად კი საკუთარი პარტიის “გაურკვეველ ორიენტირსა და მის მიმართ უყურადღებობას ასახელებს”.
ამის შესახებ კუბლაშვილმა ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩემთვის გაურკვეველია პარტიის ორიენტირი. პარტიას პროგრამაში ეწერა რომ მიჰყვებოდა ილიას, მერაბის, ზვიადის გზას, მე ვერ ვხედავ რომ ამ იდეებსა და ამ გზას მიჰყვება. მიუღებელია შუაშისტობა და მითუმეტეს პატივცემული ივანიშვილის თუ კობახიძის თამაშებში მონაწილეობა. თქვენ ალბათ გახსოვთ ჩემი შიმშილობის დაწყება გუბერნიის წინ, რაც უკავშირდებოდა რეგიონში არსებულ უკანონობას. სამწუხაროდ გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, მინიმუმ მხარდამჭერი განცხადება მაინც უნდა გაეკეთებინა პარტიის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, “სამცხის” ოლქში პარტიის ცნობადობა ნულია, რადგან ისინი რეგიოში შეხვედრებს არ მართავენ და არ აქტიურობენ.
„ორგანიზაციული ნაწილი ნულია ფაქტობრივად. თქვენ ხედავთ ახალციხეში, ერთი პლაკატიც კი არაა გაკრული. ცენტრალურმა შტაბმა აიღო თავის თავზე ბორჯომში, ადიგენში, ახალციხესა და ასპინძაში პლაკატების გაკვრა. მე არ ვიცი როდის აპირებენ, ყოველ შემთხვევაში არჩევნები მთავრდება აგერ ორ დღეში და დღემდე პლაკატი არაა გაკრული. რაც გაიკრა ადიგენში ჩემი, ჩემი მეუღლის და ჩემი ახლობლების დამსახურებით. ფაქტობრივად პარტიას სამცხეში რეიტინგი ჰქონდა ნული. ჩემი სამი თვის მოღვაწეობის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა სოფელმა ყველა ქალაქმა გაიგო ინფორმაცია თავისუფალი საქართველოს შესახებ“.
ბრიფინგის ბოლოს მან განაცხადა, რომ მხარს “სამცხეში” ტრიბუნას კანდიდატს, გელა კვარაცხელიას უჭერს.
„ყველაზე ღისეული კანდიდატი ჩვენს 14 შორის გელა კვარაცხელიაა. ყველა ჩემს მომხრეს, ვისაც უნდოდა რომ ჩემთვის მოეცა ხმა, ვთხოვ რომ მხარი დაუჭირონ მას“.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება, ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში გამარჯვებისთვის 14–ის ნაცვლად, 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იბრძოლებს.
ამ დღეს მოსახლეობამ მეათე მოწვევის პარლამენტი უნდა აირჩიოს.