”შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა დიდუბის მე-16 და მე-17 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
დიდუბის მე-16 ოლქში ნათია ქობალია, ხოლო მე-17 ოლქში იოსებ ვარდოშვილი იბრძოლებენ.
თენგიზ შერგელაშვილის თქმით, ეს კანდიდატები იქნებიან კარგი წარმომადგენლები საკრებულოში.
”ჩვენ ვცდილობთ, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ ახალი ადამიანები, რომლებმაც პროფესიულ საქმიანობაში, თუ თავისი ცხოვრებით გამოიჩინეს პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, პრინციპულობა. სწორედ ამ პრინციპით თბილისის თითქმის ყველა ოლქში, სადაც წარვადგენთ კანდიდატებს, ეს კანდიდატები ახალი ხალხია ქართული და თბილისური პოლიტიკისთვის”, – განაცხადა შერგელაშვილმა.
როგორც ნათია ქობალიამ განაცხადა, მისი არჩევის შემთხვევაში, ის იქნება ხელმისაწვდომი დეპუტატი, რომელიც იზრუნებს დიდუბის რაიონზე.
”დავიბადე და გავიზარდე დიდუბის რაიონში. ამ რაიონის განვითარების დიდი ხედვა მაქვს, ზეპირად ვიცი ამ რაიონის პრობლემები ეკოლოგიური, სოციალური და ა. შ. და ვფიქრობ, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩვენს მოსახლეობას ეყოლება ძალიან აქტიური მზრუნველი გამოცდილების მქონე და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი დეპუტატი, რომელიც იზრუნებს ამ რაიონზე და ყველანაირად გვერდში დაუდგება მოსახლეობას”, – განაცხადა ნათია ქობალიამ.
როგორც იოსებ ვარდოშვილმა აღნიშნა, თბილისში არსებული პრობლემები სისტემურ მიდგომას საჭიროებს.
”თბილისში კომპლექსური ხასიათის პრობლემებია, რომელიც საჭიროებს სისტემურ მიდგომას. ჩვენი მიზანია, რომ თბილისის მართვის სისტემა შევცვალოთ. მე მაქვს თბილისის მერიაში მუშაობის გამოცდილება. კარგად ვიცნობ იქაურ პრობლემებს”, – განაცხადა იოსებ ვარდოშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი