მთავრობა 1 ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას იწყებს

1502

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს, 4 თვის განმავლობაში – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი – დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღის ნაწილია და ის ბიზნესის გარდა, სოციალურ მხარდაჭერასაც გულისხმობს. ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გარდა, სუბსიდირდება ასევე წყალიც და დასუფთავებაც.

გახარიას თქმით, მოქალაქეებს, ვისაც აღნიშნული დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ, განცხადების საფუძველზე უარი თქვან.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა ჩვენ უკვე დავაანონსეთ. ეს მოიცავს, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალურ მხარდაჭერას. პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე. მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვტ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ამასთან, წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ეს არის მინიმუმი, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია, მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება. დღეიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.