„თბილისი ენერჯიმ“ აბონენტების შემოწმება დაიწყო – ამ დროისთვის შემოწმებული 205 731 აბონენტიდან 7 700-ს დანადგარი დარღვევით ჰქონდა დამონტაჟებული

257

გათბობის სეზონის მოახლოებასთან ერთად „თბილისი ენერჯიმ“ აბონენტების შემოწმება დაიწყო – ამ დროისთვის კომპანიამ 205 731 აბონენტი შეამოწმა, მათგან 7 700 აბონენტს დანადგარი დარღვევით ჰქონდა დამონტაჟებული. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ლეფსვერიძემ მოსახლეობას მოუწოდა, შემოწმებაზე კომპანიის თანამშრომლები დაუშვან, მათ შემოწმებაში ხელი არ შეუშალონ და ქსელიდან ჩახსნილი არასწორად დამონტაჟებული დანადგარი არსებულ ქსელზე თავიდან არ მიაერთონ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ შემოწმება თავად მოითხოვონ, რაც ასევე სრულიად უფასოა.

„წელს კომპანიამ ჩვენი აბონენტების მასშტაბური შემოწმება უკვე დაიწყო. ამ დრომდე შემოწმებულია უკვე 205 731 აბონენტი. ჩვენს აბონენტებთან შევდივართ და იქ მიმდინარეობს დანადგარების რევიზია და არასწორად დამონტაჟებული დანადგარების ქსელიდან ჩახსნა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 7 700 აბონენტს დანადგარი დარღვევით ეყენა, რაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაწეული დიდი შრომისა, მოსახლეობაში არასწორად დამონტაჟებული დანადგარები მაინც გვხვდება, ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია,“ – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

მისივე თქმით, ბინებში გაზის დაგროვებამ მოიმატა და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„იყავით ყურადღებით, სახლიდან გასვლის წინ გაზის ონკანები გადაკეტეთ, ხოლო გაზის სუნის შემთხვევაში – ეს იქნება სადარბაზო, ქუჩა თუ ბინა, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შეიგრძნობს და აღიქვამს, რომ გაზის სუნი დგას, სასწრაფოდ და აუცილებლად დარეკეთ 114-ზე – ეს არის 24-საათიანი ჩვენი საავარიო სამსახურის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმუმ ნახევარ საათში, თბილისის ნებისმიერ წერტილში, ადგილზე მოვლენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ,“ – აღნიშნა მან.

გიორგი ლეფსვერიძის თქმით, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა 51 პირი. გარდაცვლილი და მოწამლული აბონენტების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა.