„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ხელისუფლების მხრიდან ადამიანების მოსყიდვებზე საუბრობს.
უგულავას თქმით, ივანიშვილი არის ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. როგორც უგულავამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ივანიშვილს აჩვენებს, რომ ღირსება არ იყიდება არც კარტოფილზე, არც ღვინოზე, არც ზეთზე და არც წიწიბურაზე.
“არავის უკვირს უკვე ამ ქვეყანაში, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა კარტოფილებითა და ზეთით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პრაქტიკულად, მთელი ქვეყანა მოფინა, რომ დღესაც დაიწყეს უკვე იგივე. დაიწყეს დაშინება, ს(ს)იპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები დარბიან ვირთხებივით აქეთ-იქით, აშინებენ და ემუქრებიან ადამიანებს. დღეს ზუგდიდში სრულიად ეგზოტიკური შემთხვევაც გვქონდა, როდესაც დილიდან ქალაქში დაიწყეს ღვინის დარიგება ჩიქოვანისა და „ოცნების“ შტაბიდან. ესეც არის ძალიან მდარე ადამიანების ქცევა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ საზოგადოებას და ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. ეს არის ივანიშვილის მეთოდი, რადგან ივანიშვილი არის ასეთი ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. ის ნახავს მწარე სიმართლეს და მისთვის ეს მწარე სიმართლე არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება 31 ოქტომბერს. ნახავს, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ის არ იყიდება კარტოფილებზე, ღვინოებზე, ზეთებსა და წიწიბურაზე“, – განაცხადა უგულავამ.