„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო დღისთვის გასცა განკარგულება, რომლის მიხედვით სოფლის რწმუნებულები, მერიის და გამგეობის თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციის ე.წ. ბეიჯებით იდგებიან კაბინასთან და ადამიანებს აიძულებენ, რომ კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოვიდნენ.
გოგორიშვილის განცხადებით, ეს არის კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევა, რომელზეც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა რეაგირება უნდა მოახდინონ.
„ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ აგებს არჩევნებს და საარჩევნო დღისთვის გასცა განკარგულება თავის კოორდინატორებზე, რომლის მიხედვითაც სოფლის რწმუნებულები, მერიის და გამგეობის თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციის „ბეიჯებით“ იდგებიან კაბინასთან და ადამიანებს რომლებსაც პირობა ჩამოართვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ შემოხაზავენ აიძულებენ, რომ კაბინიდან გამოსვლისას გამოვიდნენ გახსნილი ბიულეტენებით და მათ დაანახონ იმისთვის, რომ დარწმუნდნენ. ეს არის კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევა, რომელიც არის დასჯადი ქმედება და წესით, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინონ.
„ქართული ოცნება“ ყველას არწმუნებს და ეუბნება, რომ ყველა საუბნო კომისია არის დაკომპლექტებული „ქართული ოცნების“ მომხრეებით და საკმარისია რომელიმე პარტიის წარმომადგენელმა გააპროტესტოს აღნიშნული კანონდარღვევა, საუბნო კომისია დაუყონებლივ უყრის კენჭს და გააძევებს ასეთ ადამიანს უბნიდან. იმის მაგივრად, რომ რეაგირება იყოს კანონდამრღვევზე, რეაგირება იქნება კანონდარღვევის აღმკვეთზე“, – აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თუ არჩევნების დღეს ამ სქემას მასიური ხასიათი ექნება, აუცილებლად მოითხოვენ აღნიშნული უბნის არჩევნების მთლიანად გაბათილებას.
„გუშინ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას კონკრეტული გვარები და სახელები მივაწოდე თუ სად, ვინ და როგორ აპირებს ამ სქემის განხორციელებას და მისი მხრიდანაც მივიღე თანხმობა, რომ ამაზე იქნება მკაცრი რეაგირება. ეს არის როგორც ფულადი ჯარიმა, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაში მოქმედების სამუდამო აკრძალვა. „ევროპული საქართველოს“ მხრიდან და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან მინდა დავამატო, რომ ეს არის საფუძველი თითოეული ასეთი ბიულეტენის გაბათილება მოვითხოვოთ და უფრო მეტიც, თუ ამას ექნება მასიური ხასიათი, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ აღნიშნული უბნის არჩევნების მთლიანად გაბათილებას. ამას ჰქვია იძულებითი ხმის მიცემა და არჩევნები ზოგადად არის ამომრჩეველთა ნების გამოხატულება. ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, მოეშვით ხალხის დაშინებას, ხალხზე ზეწოლას რადგან ამას აუცილებლად ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება ყველა საარჩევნო სუბიექტის მხრიდან“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.