“გირჩის” ლიდერისა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე, პარტიას სასამართლოში უჩივლა.
ამის შესახებ ჯაფარიძემ, Facebook live-ში ილაპარაკა, რომელიც საქალაქო სასამართლოდან ჩართო.
“საქალაქო სასამართლოსთან ვართ, სამი დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამართლოში გვიჩივლეს, რომ დაგვაკარგინონ დრო. აუდიტის სამსახური გვიჩივის, რომ გირჩი TV – მ გაუშვა თურმე, პარტია გირჩის რეკლამა უფასოდ, დედითმამლუქი თუ გაქვთ ნანახი მაგ ვიდეოზეა საუბარი, რომ ეგ ყოფილა თურმე გირჩის რეკლამა, რომელიც უფასოდ გაუშვა “გირჩი TV”-მ. 828 ლარის ოდენობის რეკლამა იყოო ეგო. როგორ დათვალეს, არ ვიცი და გვაჯარიმებენ მაგის ორმაგი ოდენობით და დაგვიბარეს სასამართლოში”, – ამბობს ჯაფარიძე.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე შესვლას და “ამ მასკარადში” მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.