გახარია: პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა, დემოკრატიულ არჩევნებზე გაკეთებული არჩევანი არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების

304

ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რადგან, პრემიერის თქმით, ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე.

„ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ასე, რომ ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული ეპიდემიოლოგების მიერ.

„ჩვენ წინ გველის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. საქართველოს მთავრობამ ისევე, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანის უფლება სრულად იყოს აღსრულებული და დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ, მივიდნენ არჩევნებზე. პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა, დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი ეს არის საფუძველი მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების. თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული ეპიდემიოლოგების მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.