„საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, კოვიდ 19-ის საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მიმართ და გაააქტიუროს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სპეციალური რეგულაციებისა და ნორმების დაცვის კამპანია, რათა არჩევნებზე მოსული ამომრჩეველი სრულად იყოს ინფორმირებული ყველა სავალდებულო წესის შესახებ.
„მრავალეროვანი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ამომრჩევლებს, რომ სათანადო რეგულაციების მაქსიმალური დაცვით მიიღონ მონაწილეობა 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი.
მათივე ცნობით, ორგანიზაციამ არაერთი ვიდეორგოლი მოამზადა ქართველ ხელოვანებთან: ქვიშის არტისტ ნონა გიუნაშვილთან, ასევე ჰარი დაფტიანის თოჯინების თეატრთან და ბესიკ კუპრეიშვილის თითების თეატრთან ერთად, რომლებიც მიეძღვნა როგორც კოვიდ 19 საფრთხეებთან დაკავშირებულ ცესკო-ს შესაბამის რეგულაციებს, ისე ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას არჩევნებისა და მისი შედეგების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ვიდეორგოლები ითარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მრავალეროვანი საქართველო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივი მედიასაშუალებების დახმარებით.
„შენი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს!“ – სწორედ, ეს ლოზუნგი დაერთვის მრავალეროვანი საქართველოს სამენოვან, საინფორმაციო და შემეცნებით ვიდეორგოლებს, რომელთა ხილვა შესაძლებელია სოციალურ მედიასა და ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com/PMMG.ORG/ “, – აღნიშნულია განცხადებაში.