ვაშაძე: ხელისუფლება არჩევნებზე მანიპულაციისთვის ხალხს კორონავირუსით აშინებს

318

ხალხის დაშინებაში პირდაპირ ვადანაშაულებ ბატონ გახარიას, პირდაპირ ვადანაშაულებ ივანიშვილს, იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ – კორონავირუსის ასეთი აგრესიული კამპანიის პირობებში ხალხი არჩევნებზე არ მივა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ხელისუფლება არჩევნებზე მანიპულაციისთვის ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს: პირველი, კორონავირუსით ხალხის დაშინება და მეორე, პირდაპირი მოსყიდვა.

„ხელისუფლება არჩევნებზე მანიპულაციისთვის ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს – პირველი, კორონავირუსით ხალხის დაშინება, რათა მათ არჩევნებზე მოსვლის შეეშინდეთ, რადგან ფიქრობენ, რომ ნაკლები ამომრჩეველი მათთვის კარგია და მეორე ესაა – პირდაპირ მოსყიდვა. უფრო და უფრო მეტი მოდის ინფორმაცია, რომ ოპოზიციური ამომრჩევლებისგან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ყიდულობენ. ამ თემაზე ვმუშაობთ და დამადასტურებელ დოკუმენტებსაც მოგაწვდით.

მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, მეგობრებო, თქვენ შედეგს მაქსიმუმ 30-დან 35 %-მდე მიიღებთ. რაც არ უნდა მანიპულაცია გააკეთოთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მოხალისე გვყავს, ძალიან ბევრი დამკვირვებელი იმისთვის, რომ ვერ შეძლოთ არჩევნებში გაყალბების უფლება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, კორონავირუსმა არ შეგაშინოთ. პირდაპირ ვადანაშაულებ ბატონ გახარიას, პირდაპირ ვადანაშაულებ ივანიშვილს ხალხის დაშინებაში, იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, კორონავირუსის ასეთი აგრესიული კამპანიის პირობებში ხალხი არჩევნებზე არ მივა“, – განაცხადა ვაშაძემ.