ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხმის მიცემის პროცედურისას პირბადის 2-ჯერ, 10-10 წამით მოხსნა, კორონავირუსით დასნებოვნების რისკს არ შეიცავს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, პრევენციული ღონისძიებები საარჩევნო უბნებზე მაღალ დონეზეა შესრულებული.
“მე რამდენადაც ვიცი, ყველა პრევენციული და დამცავი ღონისძიებები, რომელიც გაწერილია საარჩევნო უბნებზე, ყველაზე მაღალ დონეზეა შესრულებული. 2-ჯერ 10-10 წამით პირბადის მოხსნამ, გამორიცხულია, რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს, რამეთუ კოვიდინფექცია არ არის კლასიკური ჰაეროვანი გზით გადამცემი ინფექცია, ის ჰაერწვეთოვანია და უნდა იყოს არამარტო ახლო და დაუცველი კონტაქტი, არამედ გარკვეული დროის განმავლობაში კონტაქტში. 10 წამში და ისიც იმ პირობებში, რაც არჩევნებშია ნაჩვენები, გამორიცხულია, არავითარი დასნებოვნების რისკი არ არსებობს” , – განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, ამომრჩეველს, მისთვის განკუთვნილ საარჩევნო ოლქში 2-ჯერ მოუწევს პირბადის მოხსნა. პირველი, როდესაც შედის საარჩევნო უბანზე და უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება ხოლო მეორედ, როდესაც ის რეგისტრატორთან მივა.