„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა” საკონსტიტუციო სასამართლოში ცესკოს დადგენილების ნორმის შეჩერება მოითხოვა

320

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20- მა” საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, ცესკოს დადგენილების იმ ნორმის შეჩერება, რომელიც გამორიცხავს 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული დადგენილება ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ითხოვს სადავო ნორმის იმ შინაარსის შეჩერებას, რომელიც გამორიცხავს 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას“,- განაცხადა თევზაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ის იურისტის ალიკა კუპრავას განმარტებით, სარჩელის მიზანია ამომრჩევლების საარჩევნო უფლების დაცვა.

„ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, ხმის მიცემის შესაძლებლობას კარგავენ ის ამომრჩევლები, რომლებიც 2020 წლის 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ გადავლენ თვითიზოლაციაში. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა, ათეულობით ათასმა ადამიანმა დაკარგოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“,- აღნიშნა კუპრავამ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მიერ აკრედიტებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. მისი მიზანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ხელშეწყობა. ამომრჩეველთა უფლებების დაცვა ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს”,-აღნიშნულია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.