ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების დახურვის დროის 23:00 საათამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

406

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების დახურვის დროის 23:00 საათამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით მათ პარლამენტს უკვე მიმართეს.

როგორც ინიციატივის ავტორები განმარტავენ, 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი იყო 70-ზე მეტი ეროვნული არჩევნები, 100-ზე მეტი ადგილობრივი არჩევნები და 7 რეფერენდუმი, რომელთა გამართვაც კორონავირუსის პანდემიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, მსოფლიოს 50-მე მეტ ქვეყანაში, ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნები/რეფერენდუმი გადაიდო, თუმცა ბევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეძებნა ალტერნატიული გზები და გამოეყენებინა სათადარიგო მეთოდები, რათა არჩევნების გადადებას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ნორმალური რითმიდან ამოგდება არ გამოეწვია.

სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ აუცილებლად მიიჩნევს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას და საარჩევნო უბნების დახურვის დროის 23:00 საათამდე გაზრდას.