კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

473

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული.

„აღნიშნულ ვიდეო-რგოლში წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, კანონის ვალდებულებების შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი და სრულ ინფორმაციას არ შეიცავს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამაში არ არის მითითებული ცდომილების ფარგლები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვიდეორგოლში საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საარჩევნო კოდექსთან“ შეუსაბამოდაა გამოყენებული, კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა და „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა“, – აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

კომისიაში განმარტავენ, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, ქმედების შეფასებასა და შესაბამისად სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე იღებს. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კომუნკაციების კომისიამ საჯარო სხდომა დღეს, არასამუშაო დღეს გამართა.