თბილისის მერია ორ სარეკლამო სტატიაში 120 000 ლარის გადახდას გეგმავს

360

თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების მიზნით 3 დღის წინ მიმართა. როგორც სააგენტოს ვებ გვერდზე ატვირთულ ინფორმაციაში წერია, თბილისის მერია გეგმავს, რომ დედალაქის პოპულარიზაციის მიზნით ერთი ბეჭდური სტატია National Geographic Traveller-ის ჟურნალის დეკემბრის გამოცემაში განათვასოს, ხოლო მეორე ონლაინ სტატია www.NationalGeographic.co.uk.-ზე. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

თბილისის მერიის დასაბუთებაში წერია, რომ ჯამში ამ მომსახურებაში უწყება მზადაა, 120 000 ლარი გადაიხადოს. მათი განმარტებით, აღნიშნული სარეკლამო აქტივობის განხორციელება გამოწვეულია დედაქალაქში ტურისტული ნაკადების შემცირებით.

თბილისის მერიის ცნობით, ტურისტული ნაკადების სიმცირის გამო აუცილებელია დედაქალაქის პრიორიტეტული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ანტიკრიზისული კომუნიკაციის წარმოება საერთაშორისო მედია პლატფორმების გამოყენებით.

თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს 15 ნოემბერს მიმართა, დოკუმენტი ამ ეტაპზე განხილვის რეჟიმშია.